ფანერის წარმოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესი. ეს არის გზა, სადაც უბრალო შპონი თანმიმდევრული ეტაპებით გარდაიქმნება ერთიან და გამძლე ფანერის სტრუქტურად. თითოეული ფაზა განსაზღვრავს საბოლოო შედეგს და ქმნის იმ ხარისხს, რასაც კომპანია პალატის მომხმარებელი იმსახურებს.
პროცესი იწყება შპონის გადარჩევითა და დახარისხებით. საჭიროების შემთხვევაში, ხდება შპონის ფურცლების შეკეთება და გამზადება შემდეგი ეტაპისთვის.
შერჩეულ და ხარისხებად დაჯგუფებულ შპონებზე დაიტანება ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისი, რის შემდეგაც ფურცლები ერთმანეთზე ჯვარედინად ეწყობა. ეს ჯვარედინი მონაცვლეობა უზრუნველყოფს ფანერის სიმტკიცესა და სტაბილურობას.
მომდევნო ნაბიჯი დაწნეხვის პროცესია, ამ დროს აწყობილი ფანერა ჩაიტვირთება ცივ წნეხში, რაც ფანერას ამზადებს ცხელ წნეხში გადასატანად. სწორედ ცხელი დაწნეხვის დროს ხდება წებოვანი ფენების საბოლოო შეკავშირება, სადაც ტემპერატურა და წნევა სრულად განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს. დაწნეხვის და შეკეთების შემდეგ ფანერა იჭრება საჭირო ფორმატზე ხოლო ბოლო ეტაპზე ხდება ფანერის მოხვეწის პროცესი – სასურველი სისქის და გლუვი ზედაპირის მისაღებად.
ყველა ეტაპზე მიმდინარეობს მკაცრი ხარისხის კონტროლი: შპონის შესაბამისობის შემოწმება, დაწნეხვის რეჟიმის შესაბამისობა ფანერის სისქესთან, ზომების კონტროლი მოხვეწის პროცესში. თითოეული ეს კი უზრუნველყოფს, საბოლოო პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობას.
საბოლოო ეტაპი მზა პროდუქტის დაფასოებაა, ფანერა შესაბამისი რაოდენობით იფუთება, ეტიკეტირდება და ინახება საწყობში. დასაწყობებული ფანერა მზად არის მომხმარებელთან გასაგზავნად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად – იქნება ეს მშენებლობა, ავეჯის წარმოება თუ სხვა სფერო.